logo
ENG



გალუზინი თბილისს "რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების სარგებელზე" დაფიქრებისკენ მოუწოდებს

16 თებ 202612:22
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/16/lrjvqms6uft9s5n.png

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილე მიხაილ გალუზინი ამბობს, რომ "მოსკოვი ღიაა თბილისთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის". ეს მან რუსულ სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა.

მიხაილ გალუზინმა ასევე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს დიპლომატიური ურთიერთობების პოტენციური ეკონომიკური სარგებელი და დასძინა, რომ სწორედ რუსეთთან თანამშრომლობაა "საქართველოს ეკონომიკური წინსვლის მთავარი ფაქტორი".

"ჩვენ მზად ვართ რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად. ეკონომიკური თანამშრომლობა ამჟამად ამ პროცესის მამოძრავებელი ძალაა. [...] მე მჯერა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკური აღდგენის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია", - თქვა მან.

ამასთან, ის ირწმუნება, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დიალოგის არ არსებობა "მკვეთრად ეწინააღმდეგება ამ ეკონომიკურ წარმატებას".

"ალბათ, ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, თუ რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არსებობის შემთხვევაში. თუმცა, ეს მათი საქმეა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, თბილისმა იცოდეს, რომ მოსკოვი ღიაა თანამშრომლობის გაფართოებისთვის იქ, სადაც ეს ორმხრივ სარგებელს მოიტანს", - თქვა მიხაილ გაულიზნმა. 

რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ ამჯერადაც შეაქო ქართული ოცნების ხელისუფლება და თქვა, რომ ის "ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენისკენ" ისწრაფვის. ამასთან, მან ქვეყნის წინა ხელისუფლებაზეც ისაუბრა.

"საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე აცნობიერებს მიხეილ სააკაშვილის ეპოქის მიდგომებით გამოწვეულ ზიანს, როდესაც ყველა ძალისხმევა მიმართული იყო საქართველოს დასავლეთისკენ გადამისამართებისკენ რუსეთთან თანამშრომლობის საზიანოდ". 

მან საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის კონტექსტში დასავლეთიც ახსენა. 

"ჩვენს კავშირებს ბუნებრივი ხასიათი აქვს, ეს არ არის რუსეთის მიერ ხელოვნურად თავსმოხვეული - როგორც ამას დასავლეთი ცდილობს წარმოაჩინოს. ისინი სულიერ ერთიანობასა და საუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებზეა დაფუძნებული", - ამტკიცებს რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილე. 


close დახურვა